მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Thursday, September 16, 2010

მე შემიძლია , მე მზად ვარ ამისთვის!

ბევრი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ როგორც კი ფურცელზე გადმოტანასთან მიდგება საქმე, ცოტა უფრო მიჭირს. ვფიქრობ ეს ჩემი უარყოფითი მხარეა,თუმცა გამოსწორებადი. ჩემი აზრით ბევრად უფრო პრაქტიკული ადამიანი ვარ. წერას და ლაპარაკს მირჩევნია  საქმის კეთება. როგორც იტყვიან, "ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი სჯობს." ვიმედოვნებ მომეცემა იმის საშუალება, რომ გაჩვენოთ.
   გულწრფელად ვწუხვარ , როცა, სამწუხაროდ ბევრისთვის,  სამშობლო სუფრასთან იწყება და მთავრდება. "რაც კარგები ვართ,ქართველები ვართ",იმეორებენ  ამაყად  და დარწმუნებული ვარ , მათ შორის  არცერთს  არ ესმის რას ნიშნავს, იყო ქართველი.   გიყვარდეს და აფასებდე  შენს კულტურას , ენას , ისტორიას ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთივე პატივისცემით მოეპყრა  სხვისას. ჩემი სამშობლო იტორიულად ამ ღირებულებების მატარებელია. ჩემი აზრით  ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სიდიდით ასე მცირე, სადაც ამდენი ეროვნების, აღმსარებლობისა და კულტურის ხალხები  საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და დღემდე არავის ახსოვდეს არცერთი ამ ნიშით ადამიანების შევიწროვება.  კარგია როცა ამაყობ შენი ქვეყნის წარსულით,მაგრამ როცა ხარ ასეთი ქვეყნის შვილი , მხოლოდ სიამაყე არ კმარა. იყო ქართველი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა იმ წარსულის წინაშე, რომლითაც ამაყობ.  "აწმყო,  შობილი წარსულისაგან , არის მშობელი მომავლისა".  დღეს  თითოეული ჩვენთაგანია პასუხისმგებელი  აწმყოზე, რომ მომავალმა თაობებმაც ასევე იამაყონ დღევანდელი საქართველოთი.    ოჯახს განსაკუთრებული როლი ენიჭება  ადამიანის,როგორც პიროვნების  ჩამოყალიბებაში.ჯანსაღი ოჯახი  არის გარანტი ჯანსაღი პიროვნებისა.ჩემი აზრით ოჯახი ეს პატარა სახელმწიფოა, თავისი ყველა ატრიბუტით და რაც უფრო თავისუფალია, რაც უფრო დემოკრატიულია, რაც უფრო  შრომისმოყვარე და  შემწყნარებელია, მით მეტია შანსი მასში ჯანსაღი   პიროვნების აღზრდის და ჩამოყალიბების ,ხოლო ჯანსაღი პიროვნება თავისთავად ჯანსაღი სახელმწიფოს გარანტია. საბოლოო ჯამში ეს ერთი რგოლია და რაც მყარი და ძლიერი იქნება ეს რგოლი,   მით უფრო გაუჭირდება  ავის მოსურნეს მისი ერთიანობის დარღვევა.      ჩემი აზრით, ადამიანი რამდენ პროგრამასა და პროექტშიც არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ,რამდენ საინტერესო ლექციასაც არ უნდა უსმენდეს, ვერაფრით შეძლებს მის გამოყენებას და განხორციელებას, თუ მასში შინაგანად არ არის ეს ჩდებული. ვგრძნობ ჩემში არის პოტენციური შესაძლებლობები და რამდენად ამბიციურიც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ეს სიტყვები: --მე შემიძლია, მე მზად ვარ ამისთვის...




მიხეილ დვალიშვილი.
 14 დეკემბერი. 2008 წელი

Sunday, September 12, 2010

ავტოპორტრეტი

                                                   ძვირფასო მომავალო მასპინძელო


მე ვღებულობ მონაწილეობას  "In the Global Undergraduate Exchange program" და ვფიქრობ ერთი წლის განმავლობაში მომიწევს თქვენთან ერთად ცხოვრება. მინდა ცოტა რამ გიამბოთ ჩემს შესახებ. მე მიხეილ დვალიშვილი ვარ ,18 წლის სტუდენტი საქართველოდან, ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში ჩემს ოჯახთან ერთად.  ჩემი ქალაქი  სიდიდით  მეორეა საქართველოში მისი დედაქალაქის  თბილისის შემდეგ. ეს ორი ქალაქი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და უნივერსიტეტში ჩემი ქალაქიდან დავდივარ, რის გამოც დილით ძალზედ ადრე მიწევს ადგომა, რაც ყოველთვის არ არის ადვილი.    მყავს  მშობლები და სამი და. დედაჩემი პროფესიით პედაგოგია ,თუმცა  არ მუშაობს, დიასახლისია. მამა 28 წლის განმავლობაში იყო შსს  თანამშრომელი,ახლა კი დამსახურებულ  პენსიაზე იმყოფება. ჩემი უფროსი და ირმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მე-4 კურსის სტუდენტია.   დარწმუნებული ვარ მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი იქნება,. რადგან უყვარს თავისი პროფესია და შრომობს წარმატების მისაღწევად. მე ვფიქრობ ეს ორი რამ აუცილებელია  მიზნის მისაღწევად. ჩემი დები   ზიკა და მარი,  ტყუპები არიან, თუმცა გარეგნულად საგრძნობლად განსხვავდებიან.  ზიკა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,ხოლო მარი დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტის სტუდენტები არიან. შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს სიამაყის საფუძველი ჩემი ოჯახის გამო.   ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი ოჯახით.    ვფიქრობ არც მე ვაკლებ  ოჯახს სიამაყის საფუძველს...   პირველივე  წელს ჩავირიცხე მაღალი ქულებით თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვთვლი ,რომ ვარ მიზანდასახული და ამასთან შრომისმოყვარე.  გვაქვს მცირე საოჯახო ბიზნესი, საამქრო,სადაც  ავტომობილების საბურავების შეკეთება ხდება. თავისუფალ დროს ვმუშაობ და საკმაოდ წარმატებულადაც, ვარ ხელმარჯვე,რადგან მყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც მხოლოდ ჩემს ცვლაში მოდიან.    დასახულ მიზანს  ყოველთვის ვაღწევ შრომით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩემი და გიტერის ურთიერთობა. არანაირი მუსიკალური განათლება არ მიმიღია,არც სმენით გამოვირჩევი. სახლში მამაჩემის   გიტარაზე  ვცდილობდი მელოდიის აწყობას და საბოლოოდ,  დიდი შრომის შემდეგ მივიღე შედეგი. ახლა შემიძლია ვთქვა , რომ არც თუ ისე ცუდად ვუკრავ თვითნასწავლის თაობაზე. ძალიან მიყვარს 70-იანი წლების და ცოტა გვიანდელი მუსიკა. ვფიქრობ ამ პერიოდში ნამდვილი შედევრები იქმნებოდა. საკმაოდ ვარ როკით გატაცებული და ამ მუსიკის დიდი კოლექციაც მაქვს. ჩემთვის როკი არა მარტო მუსიკაა. (შეიძლება ეს თქვენთვის  ცოტა უცნაურიც იყოს ) ეს იყო მუსიკა ,რომელმაც ბარიერები გაარღვია და ხალხს თავისუფლებისკენ უბიძგა, თუმცა  ჩემს  ქვეყანაში ეს  მუსიკოსები ანარქისტებად იყვნენ ცნობილნი, რადგან იმ პერიოდში საქართველო საბჭოთა ქვეყნის ნაწილი იყო და ამასთან, როგორც ბევრი სხვა დასავლური ღირებულება, ეს მუსიკაც იკრძალებოდა. ყველაფრის მიუხედავად მამაჩემმა შეძლო და დააგროვა ბევრი ფირფიტა, რომლითაც მე ვამაყობ..
  ასევე  ვამაყობ ჩემი სკოლით , რომელშიც 11 წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ეს არის პირველი დამოუკიდებელი სკოლა დამოუკიდებელ საქართველოში. ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში  დიდი წვლილი, სწორედ ამ სკოლის და მისი პედაგოგებისაა.მიმაჩნია რომ ამ სკოლამ შემძინა საკმაოდ  კარგი თვისებები. ის რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა,მოგზაურობა ეს უპირველესად ჩემი სკოლის დირექტორის  ვახო აბაიშვილის დამსახურებაა. მყავს უახლოესი მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს.
       დადგა დრო ჩემს უარყოფით მხარეებზე ვისაუბრო... ვერ ვიტან როცა ვინმე, თუნდაც მშობელი მესაუბრება დამრიგებლური და ჭკუის სასწავლებელი ტონით. ამ დროს ვხდები საშინლად გაუწონასწორებელი. ვარ  (როგორც მშობლები მეუბნებიან ) ზედმეტად ამბიციური.  და კიდევ, ეს მათ გასაგონად, ვისაც ოთახში ჩემთან ერთად მოუწევს ცხოვრება-მაქვს სუნის გამძაფრებული შეგრძნება, ადვილად შევიგრძნობ სვისთვის შეუგრძნობელ სუნს და ამის გამო  საშინლად მეცვლება ხასიათი.    დედაჩემს  ვთხოვ  ჩემი უარყოფითი მხარეები შემახსენოს.    ის კი დუმს, უჭირს გახსენება . ო, რა თვალთმაქცობაა.ამ სიტუაციას გამოვიყენებ ჩემს სასარგებლოდ და სხვა დროს, როცა დედაჩემი მისაყვედურებს  ჩემი საქციელის გამო,  ამას აუცილებლად გავახსენებ. საოცარია,ლამის დამაჯერონ, რომ  უნაკლო ვარ, მაგრამ არა, ვეცდები  მე მაინც არ დავინდო ჩემი თავი... ვარ სასტიკი ჯიუტი.მიჭირს ხოლმე დავთმო პოზიციები, მაშინაც კი , როცა მივხვდები, რომ არ ვარ მართალი.
 დანარჩენს, უფრო დაწვრილებით მომავალში გიამბობოთ, რა თქმა უნდა, თუ კი ამის საშუალება მომეცემა.


მიხეილ დვალიშვილი.
20 ნოემბერი. 2008 წელი