მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Tuesday, April 29, 2014

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმით(აც) არ დაშავდების“

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმით(აც) არ დაშავდების“

   1994 წლის ივლისის თვე იყო. ეზოში  ჩემი მამამთილი შემოვიდა და  წიგნი მომაწოდა-  "დედა ენა". ეს არ იყო ჩვეულებრივი გოგებაშვილის დედა ენა. სიმართლე უნდა ვთქვა, წიგნი ერთი შეხედვით არ მომეწონა. არ გავდა იმ დედა ენას, რომლითაც თაობები გაიზარდა. ეს იყო წიგნი , გაფორმებული შავ-თეთრი ნახატებით  და ჩემვის თითქოსდა უინტერესო ტექსტებით. ბაბუმ, -დამოუკიდებელი სკოლის დირექტორმა მომცა ეს წიგნი, კარგი ახალგაზრდაა და ირმა მის სკოლაში მივიყვანოო. (იმ წელს 1 კლასში შედიოდა ირმა). არაფერი მითქვამს, მაგრამ გუნებაში გავიფიქრე, რა წიგნიცაა სკოლაც ისეთი იქნებთქო. თუმცა
ვიფიქრე მივიყვან, მოვსინჯავ   (თავისთავად “დამოუკიდებელი სკოლა” საინტერსოდ მეჩვენა) თუ გაამართლა ხომ კარგი,უ არა მალევე გადავიყვან ჩვეულებრივ სკოლაშითქო. კარგად მახსოვს ირმას  პირველი  გაკვეთილი. ვახო მასწავლებელმა, რომელიც თავად  ატარებდა  პირველ კლასელებთან გგაკვეთილებს, მშობლებს ნება დაგვრთო, ვისაც სურვილი გვქონდა,  რამდენ ხანსაც გვინდოდა დავსწრებოდით გაკვეთილებს. არასდროს დამავიწყდება ვახოს გაკვეთილები. ეს იყო უჩვეულო საუბარი მასწავლებლის, რომელიც არაფრით გავდა მანამდე ჩემს ცნობიერებაში არსებულ არცერთ პედაგოგს. ყველაზე მეტად მოვიხიბლე იმ თემით,  ვახო რომ უხსნიდა ბავშვებს, თუ საიდან მოვდივართ თითოეული ჩვენგანი. დაახლოებით აი ასე: - ყველა ჩვენგანის  არსებობა იწყება   მშობლებიდან, ოჯახიდან, რომელთა საცხოვრებელი ქუჩის ნაწილი, ქუჩა სოფლის თუ ქალაქის ნაწილი, სოფელი და ქალაქი - მხარის, მხარე კი -ქვეყნის და ა.შ. ეს ყველაფერი კი  დედამიწის, ხოლო დედამიწა კი, იმ სამყაროს ნაწილი, რომელიც ღმერთმა სიყვარულით შექმნა და რომ თითოეულ ჩვენგანს ასევე სიყვარულით უნდა გვეცხოვრა და გავფრთხილებოდით ირგვლივ ყველას და ყველაფერს.   რაც ყველაზე მთავარია, ეს   ყველაფერი ვახო მასწავლებელმა ახსნა, არა მხოლოდ უბრალო, ბავშვებისთვის ადვილად გასაგები ენით, არამედ კლასში მსხდომი ყველა ბავშვის აქტიური მონაწილეობით.
     ჩვენი მთავარი ღირებულებაც სწორედ ეს იყო და  ასე ვზრდიდით დაბადებიდანვე შვილებს, მაგრამ  როცა ამას სკოლაში გიხსნიან პირველსავე დღეებში  და გეუბნებიან, რომ სიბნელე არ არსებობს, რომ სიბნელეა იქ, სადაც სინათლე არაა. ბოროტებაა იქ, სადაც სიკეთის ნაკლებობაა,  ეს უკვე ბედნიერებაა.    მე   მივხვდი, რომ  ჩემს შვილს საიმედო ადგილას ვტოვებდი.
      შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბავშვის აღზრდაზე სკოლაა პასუხისმგებელი,  მაგრამ ოჯახის შემდეგ სკოლის მნიშვნელობა მართლაც გადამწყვეტია.  ჩვენ გაგვიმართლა. ჩვენი ღირებულებები აბსოლუტურად ერთნაირი  იყო. ირმას შემდეგ ტყუპები ზიკა და მარი, ხოლო 1997 წელს მიშიკო მოვიყვანეთ. ოთხივემ  თქვენი სკოლა დაამთავრა. მიშომ ერთი წლით ადრე დატოვა სკოლა და  თანაკლასელებზე ერთი წლით ადრე გახდა სტუდენტი. მახსოვს, მიშოს ბოლო ზარი სკოლაში. საოცარი განცდა მქონდა. ასე, არც საკუთარი და არც გოგონების ბოლო ზარი არ განმიცდია.  თვალებიდან უნებურად მომდიოდა ცრემლები, მინდოდა გამოვსულიყავი, მოგფერებოდით და მადლობა მეთქვა თითოეული თქვენგანითვის, იმ ყველაფრისთვის, ჩემმა შვილებმა თქვენგან რომ მიიღეს,  თუმცა ვერ შევძელი, ემოციები მახრჩობდა. ჩვენ კარგი შვილების მშობლები ვართ და  ვთვლი, რომ ეს თქვენი დახმრებითაა.
      მაპატიეთ ვახო მასწავლებელო, მაგრამ ერთი შემთხვევა უნდა გავიხსენო.  ამას ალბათ არასდროს გავიხსენებდი, მიშო აქ რომ მყოლოდა. -ნოემბერი იყო 2007 წლის. მიშო დროზე ბევრად ადრე მოვიდა სკოლიდან.  თვალწინ მიდგას მისი სახე- ტკივილიანი, ნაცრემლარი.  რაღაც მოხდა. დავინტერესდი რაში იყო   საქმე.  მხოლოდ ეს მითხრა: -თურმე, როგორ ვცდებოდი, ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც მეგონაო.  ძალიან ცუდად იყო მიშო და მთხოვა მეტი აღარაფერი მეკითხა. ასეთი სახით, ასეთი განადგურებული მიშო არასდროს მენახა. მეორე დილით სკოლაში არ წავიდა. მე  მოვედი სკოლაში. მაინტერესებდა რა მოხდა.  ნოემბრის ცნობილი მიტინგის დარბევის დღე იყო.  როგორც  ბავშვებმა მითხრეს, რომელიღაც საგნის  გაკვეთილზე შესულა ხათუნა გელაშვილი და ძალიან ემოციურად დაუწყია  ლაპარაკი მომიტინგეებზე, რომელიც უმოწყალოდ დაარბის და ცემეს სპეც. რაზმელებმა. მიშოს უთქვამს, რომ მიტინგის დაშლის გადაწყვეტილება  სწორი იყოო.  ხათუნა კი აღშფოთებულა, როგორ შეიძლება ასეთი რამის თქმა, საშინელი ცინიკოსი ხარო. ამითაც ვერ დაცხრალა, ასე განერვიულებული თქვენს კაბინეტში შემოსულა და გიამბოთ, თუ რა საშინელი დესოპტია ეს დვალიშვილი, როგორ შეძლო და გაამართლა ამ უზნეო ხელისუფლების  გადაწყვეტილებაო. თქვენ კი, დაიბარეთ მიშო. უთხარით, რომ აეღო საბუთები და სკოლაში აღარ დაბრუნებულიყო.. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. მე ხათუნა მასწავლებელი ვნახე და  ვუხარი, რომ მიშოს არ უნახავს ტელევიზიით დარბევის კადრები, თუმცა არც ის ვიცოდი, ამ კადრების ნახვა, შეუცვლიდა თუ არა მას მიტინგის დაშლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ აზრს.    მიშოს სწორედ ამ სკოლაში ასწავლეს, რომ რასაც ფიქრობს, ის უნდა თქვას, რომ ის პიროვნებაა  და უფლება აქვს თავად შეაფასოს მოვლენები ისე, როგორც ესმის. მას  ყველაფერზე ჰქონდა საკუთარი  აზრი.  მჯერა, თუ კი ხათუნა დაინტერესდებოდა, თუ რატომ ფიქრობდა მიშო მისგან განსხვავებულად, ის აუცილებლად  ჩამოუყალიბებდა მას კარგად გააზრებულ პასუხს. მან კი, ნაცვლად ამისა, თქვენ მოგიტანათ ენა ისე, როგორც თავად დაინახა.
 სახლში მისულმა მიშოს  ვუთხარი, რომ ვიყავი სკოლაში, რომ ყველაფერი ვიცოდი, რაც წინა დღეს მოხდა.  ვუთხარი, რატომ არ დაელაპარაკე ვახოსთქო. -დედა ვერ შევძელი.  ოთახში შესულს,  არაფერი მკით,  ისე  მითხრა, საბუთებისთვის  მომეკიდა ხელი და წავსულიყავი.   არა, ხათუნაზე არ ბრაზობდა.  თქვენზე წყდებოდა გული და საკუთარ თავზე ბრაზობდა.   მითხრა,- რახან   ვახო  მასწავლებელმა  სხვისი ნათქვამით ისე, რომ ჩემი  აზრის მოსმენაც არ მოინდომა,  შეძლო ჩემთვის ამ სიტყვების თქმა და ასე იოლად ჩემი გაშვება სკოლიდა,  ესე იგი, ამ 10 წლის განმავლობაში  თურმე ძალიან  უმნიშვნელო და სულერთი  ვიყავი  სკოლისთვისო. 
      იცით, მე პირადად რაზე მწყდება გული ვახო მასწავლებელო? იმაზე, რომ თქვენ არავინ კარგად არ იცნობდით მიშოს, თუმცა ეს არ იყო თქვენი ბრალი, მიშოს უნდოდა ასე.   მან კი, ძალიან კარგად იცოდა რა უნდოდა. როცა ვეტყოდი,  შენ ყველას ერთი პატარა ბიჭი გონიხარ  და ასე ჭკვიანი და კარგი რომ გვყავხარ რატომ არ გინდა სხვაც ისევე გიცნობდეს, როგორც ოჯახის წევრებითქო. -მაცალე დედა 25 წლამდე და გამიცნობენ, ისე   ლაპარაკს რა აზრი აქვსო.  მიშო ისე მიზანმიმართულად მიდიოდა წინ, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მართალს მეუბნებოდა. სამწუხაროდ, იგი მარად 18  წლის დარჩება და ვერც ვეღარავინ გაიცნობს ნამდვილ  მიშიკოს.
    არ მინდა ვინმემ განსაჯოს, რამდენად  მართალი იყო, ან არ იყო მიშო. ის ხომ მხოლოდ იწყებდა ცხოვრებას და ბევრ რამეს თავად გადააფასებდა. მთავარია  ყველამ, ვინც მას იცნობდა. იცის, რომ იგი იყო ძალიან გულწრფელი, მოაზროვნე პიროვნება.  იცოდა დიდი სიყვარული, იყო ძალზედ ძლიერი და ამასთან ერთად ძალიან გულჩვილი .   
         ვახო მასწავლებელო,  ძალიან მინდა, რომ თქვენი სკოლა ბოლომდე დარჩეს ისეთი,  როგორშიც მე და ნოდარიმ მივიყვანე  ჩი 4 შვილი და   ძალიან არ ინდა,   მსგავსი გულისტკენით  დატოვოს სკოლა, თუნდაც ერთმა ბავშვმა.


   გვყვარხარ და გეფერებით, ირმას, ზიკას, მარიამის და მიშიკოს მშობლები - ნოდარი და ლამზირა.

29 აპრილი, 20014წელი.

No comments:

Post a Comment