მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Thursday, March 24, 2011

ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან


     ეს მიშოს გადაღებულია ტელეფონით.    ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან .


16..04..2009 წელი.


 მალე ოცი წლის ხდები დე.   გხედავ ულამზესს,  ახოვანს , ნაცნობი ფარული ღიმილით მიყურებ. ერთი სული მაქვს მოგიახლოვდე.   2 წელი გახდება მალე,  რაც  გულში არ ჩამიკრიხარ.  როგორ ველოდი ამ დღეს, რამდენჯერ წარმოგიდგენდი ხოლმე  ასეთს.  ყოველთვის მქონდა შენს მიმართ, მიუხედავად  დიდი სიახლოვისა, რაღაცნაირი მოკრძალება. ახლა კი,  ბევრად მორიდებული შემოგყურებ, "გენაცვალოს დედიკო", გულში  ჩუმად გეძახი და მოახლოვებას ვერ ვბედავ.   მახსოვს,  18 წლის რომ ხდებოდი
  მომეხვიე და მითხარი-  "რა  პატარა ყოფილხარ სიმაღლეში ლამზო"?, გულში პატარა ბავშვივით ჩამიკარი  და  " ჩემი დედიკონაო" -მითხარი. გთხოვეთ მე და მამაშენმა, -18 წლის ხდები და ახლა მაინც მოიყვანე  შენი მეგობრები სახლში, საუკეთესო სუფრას გაგიშლითქო. არაო, უარი გვითხარი. ბიჭებთან ერთად მცხეთაში მივდივარო.  დილით დაჩიმ, კოტემ და ტატომ მოგაკითხეს. საჩუქარი შემოიტანე სახლში,  თიხის სასმისები და იასამანის დიდი თაიგული, (ამ სასმისებით დღეს მხოლოდ შენს მოსაგონარს სვამენ)  მერე კი მცხეთაში წასულხართ. აი, ეს სურათები იმ დღესაა გადაღებული  შენი ტელეფონით. 


……აქ, შენ და ტატო უკვე სტუდენტები ხართ , დაჩი და კოტე წელს ჩააბარებენ .  სექტემბრიდან, უკვე 4 სტუდენტი, ხშირად ივლით ერთად თბილისის ქუჩებში...  ამას ოცნებობდი. როგორ გეჩქარებოდა ეს დღე....     შენს გარეშე დაუდგათ ბიჭებს ეს დღე.
ახლა 20 წლის ხდები. ამჯერად,  შენი ნების გარეშე მოვლენ ჩვენთან სახლში მეგობრები.  ვისაუბრებთ შენზე, მათზე და საერთოდ ყველაფერზე. შენც  ჩვენთან იქნები. ყოველ მათგანში შენს სახეს ვხედავ, მეტ-ნაკლებად, რათქმა უნდა.  …………
 როგორ ველოდი ამ დღეს... ახლა კი….... გხედავ ბევრად ლამაზს, ვიდრე როდესმე  წარმოგიდგენდი, ფარული ღიმილით, მეტყველი, ბრძნული, სევდანარევი გამოხედვით. "გენაცვალოს დედიკო" -ვიმეორებ გულში და რაღაც ძალა მაკავებს მოვიდე და გულში მაგრად ჩაგიკრა. ახლა  კიდევ უფრო პატარა მოგეჩვენება  შენი "დედიკონა" და ამასთან ძალზედ უმწეო......  რა ძალიან ახლოს ხარ და რა ძალიან შორს.....

რა უფერული და არაფრის მთქმელია ყველა სიტყვა  იმ განცდასთან, შენი სახელი რომ ქვია .....


  

No comments:

Post a Comment