მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Saturday, October 1, 2011

"სჯობს სიცოცხლესა.....

1/10/2011


  მიშოს კარაგდ ჰქონდა გააზრებულოი ადამიანის ამქვეყნიური მისია. უნდოდა ისე ეცხოვრა, რომ საამაყო კვალი დაეტოვებინა ამ ქვეყნად.   არ დასცალდა და ეს მიკლავს გულს. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები მინდა გავიხსენო.  8-ში დილით ადრე ავდექი. მაინტერესებდა,   ინფორმაციები, მაგრამ არცერთი ტელეარხი არ აჩვენებდა. ინტერნეტში რუსულ საიტზე შევედი,  ვნახე დევს ვიდეო რგოლი. გავხსენი და ვხედავ ცხინვალში რუსული ტანკები დადიან და ქუჩები ქართველი ბიჭების ცხედრებითაა მოფენილი . ვიკივლე: -ვაი თქვენს დედებს და ხმამაღლა ტირილი ამივარდა. მიშოს გაეღვიძა და გამოვარდა.  გაიგო რატომ ვტიროდი, ნახა ეს ვიდეო და თვითონაც ძალიან ცუდად გახდა., მაგრამ ის ხომ კაცი იყო, ნამდვილი კაცი. მომიბრუნდა და მთხოვა გავჩერებულიყავი, -_დედა, გუშინწინ ფილმი გადიოდა ტელევიზიით "მამაცი გული". შენ რომ ის ფილმი გენახა, ასე აღარ იტირებდიო. დავინტერესდი რა ფილმი იყო. დაახლოებით ასე მომიყვა :_ ფილმში არის შოტლანდიელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და მისი ეროვნული გმირი უილიამ უოლოსი ბრძოლის წინ მიმართავს მეომრებსო: _ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვებრძვით მტერს, რომელიც ქვეყნის წართმევით გვემუქრება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. შესაძლოა ბევრი ჩვენგანი გმირულად დაეცეს ბრძოლის ველზე,   მაგრამ თუ კი რომელიმე თქვენგანი მხდალი აღმოჩნდება, ზურგს აქცევს მტერს და დაიმალება, მან იცოდეს, 100 წელიც რომ იცოცხლოს, ბოლოს მაინც მიაკითხავს სიკვდილი და მაშინ დაჩაჩანაკებული  ბერიკაცი გაგვიხსენებს, ინატრებს ამ წუთების დაბრუნებას, როცა შეეძლო თავისი სიცოცხლე სამშობლოსთვის მიეძღვნა, მაგრამ უკვე გვიანი იქნებაო... - აი, ასე ლამაზად განმიმარტა,  ჩემმა 17 წლის მიშომ, ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ჭეშმარიტება "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა..." მე კი  მაინც არ შევწყვიტე ტირილი და ვიძახდი _"ვაი თქვენს საცოდავ დედებს".  მიყვირა მიშომ _ "დედა, შენ მაინც ვერ გაიგე? აბა მითხარი, რომლის დედა უფრო საცოდავია? ამ ვაჟკაცი ბიჭების  თუ  ამ ალკოგოლიკებისა და ნარკომანების? და მიმითითა დაახლოებით თავისივე ტოლ ბიჭებზე, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ და ყოველ დღე საშინელებებს ატრიალებენ ოჯახში.                                           



        2 დღის წინ მესიზმრა: მიშოს სასამართლოზე ვიყავი, არ ვიცი ზუსტად, რა დანაშაულისთვის, 5 წელი მიუსაჯეს, მე კი სიგიჟემდე მიხარია და ვეუბნები- არა უშავს დედი, მთავარია ცოცხალი ხარ, მე გარდაცვლილი მეგონე და ციხეს რა უჭირს, ხშირად გნახავ, წიგნებსაც მოგიტან და 2 წლის მერე  შეწყალებაზე დავწერთ და გაგანთავისუფლებენ თქო.” რომ გავიღვიძე და სიზმარი გავიხსენე დავფიქრდი _მირჩევნია აქ მყავდეს, თუნდაც დამნაშავე და გაწვალებული....?  მე,  მიშოს დედას მაქვს უფლება ასე ვიფიქრო? რა თქმა უნდა არა!

           იყოს ნება უფლის თუ ჩემი შვილის მისიას ამ ქვეყნად ვერ ხედავდა.  ალბათ ეს მისია უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ   ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ უფალთან... მკაცრია და ძალიან მძიმე უფლის განაჩენი, მაგრამ ალბათ დავიმსახურე, რომ მხოლოდ ამ გზით მივიდე მასთან, და თან თავი ვინუგეშო იმით, რომ უფალი თავის ყველაზე საყვარელ შვილებს მეტ განსაცდელს უგზავნის.  


         ვინ იცის.........


 

No comments:

Post a Comment