მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Saturday, June 14, 2025

 გასული საუკუნის 90 წლების ბოლოდან, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, ყოველი შემოდგომის მიწურულს, თითქმის ერთი თვე, ჩვენს ოჯახში სახლობდნენ  უსაყვარლესი ადამიანები.  ოზურგეთის სოფ.  ჭანიეთიდან მანდარინები ჩამოჰქონდათ და ჩვენი ეზოს წინ ე.წ. საკოლმეურნეო ბაზარში ჰყიდდნენ  თავიანთ ნაშრომ-ნაჯაფარ მოსავალს. გვიხაროდა მათი სტუმრობა. ხალისი და მხიარულება შემოჰქონდათ ჩვენს ოჯახში. ლექსები, სიმღერები, გურული იუმორი.  ლილი და გურამი, ნონა და ზურა, სულიკო და ...(მეუღლის სახელს ვერ ვიხსენებ), თემური... სხვებიც იყვნენ, მაგრამ ესენი განსაკუთრებით  გამოირჩეოდნენ. ბევრი სასიამოვნო ამბები დამამახსოვრდა, მათთან  დაკავშირებული.  სულიკო დეიდა უნდა გავიხსენო. გამხდარი, დარდისგან და ჯაფისგან წელში მოხრილი, შავებით შემოსილი უსაყვარლესი ქალბატონი.  ერთადერთი ვაჟი, ახალი ნაყიდი  ავტომანქანით, ავარიაში დაეღუპა. ობლებს ზრდიდა. ვუყურებდი ამ ვერცხლისწყალივით მოძრავ, მოუსვენარ ოთხად მოკეცილი ქალს, რომელიც ჩვეულებრივად კი არ დადიოდა, დაქროდა. არასდროს ლაპარაკობდა თავის დიდ ტკივილზე. მარტო დავრჩით ერთ დღეს და შევეკითხე -  სულიკო დეიდა, როგორ შეგიძლიათ, ამხელა ტკივილს ატარებდეთ და ასე ენერგიულად და ხალისიანად გამოიყურებოდეთ- მეთქი. -სხვანაირად ყოფნის უფლება არ მაქვს. ის, ცალკე მყავს გულის კუნჭულში მიჩენილი. მე სხვა პასუხისმგებლობები მაკისრია და აქ დარჩენილებს ვერ ვუღალატებო -მიპასუხა. ვატყობდი, არ უნდოდა ამ თემაზე ლაპარაკი და მეც აღარ გავაგრძელე. მაშინ მეგონა, კარგად მესმოდა რამხელა ტკივილს ატარებდა, ეს საყვარელი ქალი, მაგრამ, თურმე, არც არაფერი მესმოდა. სულ სხვაა, როცა იზიარებ სხვის ტკივილს და თავად არ შეგხებია მსგავსი რამ. წლების შემდეგ, როცა მე აღმოვჩნდი იგივე მდგომარეობაში,   მაშინ მივხვდი,  მე რომ მეგონა, იმაზე ბევრად უზარმაზარი ტკივილი დაჰქონდა სულიკო დეიდას და არავისთან უნდოდა ამ ტკივილის გაზიარება.  ეს წლებია ხშირად ვიგონებ მას. 15 წელია, ასე ვატარებ გულის კუნჭულში მიჩენილ დარდს და ისე ძალიან, ძალიან ჩემია, რომ არავისთვის მემეტება გასაზიარებლად. ილაპარაკონ მიშოზე, გაიხსენონ მასთან გატარებული  თავგადასავლები, მოყვნენ ამბები, მაგრამ ძალიან არ მინდა სევდა და ტკივილი გაურიონ ხმაში.   😔♥️

No comments:

Post a Comment