მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Wednesday, March 27, 2013


მალე ოცი წლის ხდები დე.       გხედავ ულამზესს,  ახოვანს , სახეზე ნაცნობი ფარული ღიმილით მიყუურებ. ერთი სული მაქვს მოგიახლოვდე,  სიხარულისგან გული ამოვარდნაზე მაქვს. 2 წელი გახდება მალე,  რაც  გულში არ ჩამიკრიხარ.  როგორ ველოდი ამ დღეს, რამდენჯერ წარმოგიდგენდი ხოლმე  ასეთს.  რატომღაც, მიუხედავად  დიდი სიახლოვისა,  ყოველთვი მქონდა შენს მიმართ რაღაცნაირი მოკრძალება. ახლა კი  ბევრად მორიდებული შემოგყურებ, "გენაცვალოს დედიკო, გულში  ჩუმად გეძახი და მოახლოვებას ვერ ვბედავ.    მახსოვს,  18 წლის რომ ხდებოდი   მომეხვიე და მითხარი  "რა  პატარა ყოფილხარ სიმაღლეში ლამზო"?, გულში პატარა ბავშვივით ჩამიკარი  და  "ჩემი დედიკონაო" მითხარი. გთხოვეთ მე და მამიკომ,  ახლა მაინც,  18 წლის ხდები და მოიყვანე  შენი მეგობრები სახლში, საუკეთესო სუფრას გაგიშლით თქო. არაო უარი გვითხარი. ბიჭებთან ერთად მცხეთაში მივდივარ და ასე აღვნიშნავთ ამ დღესო. დილით დაჩიმ, კოტემ და ტატომ მოგაკითხეს,  საჩუქარი შემოიტანე სახლში,  თიხის სასმისები და იასამანის დიდი თაიგული. ამ სასმისებით დღეს მხოლოდ შენს სადღეგრძელოს  სვამენ.  მერე კი, მცხეთაში წასულხართ. აი ეს სურათები, იმ დღესაა გადაღებული  შენი ტელეფონით.
.……აქ შენ და ტატო უკვე სტუდენტები ხართ , დაჩი და კოტე წელს ჩააბარებენ  და შემდეგი წლიდან უკვე 4 სტუდენტი ხშირად ივლით ერთად თბილისის ქუჩებში. როგორ გეჩქარებოდა ეს დღე....     შენს გარეშე დაუდგათ ბიჭებს ეს დღე.
ახლა 20 წლის ხდები, და არა "გახდებოდი." ამჯერად  შენი ნების გარეშე მოვლენ ჩვენთან სახლში მეგობრები.     ვისაუბრებთ შენზე, მათზე და საერთოდ ყველაფერზე. შენც  ჩვენთან იქნები. მე ყოველ მათგანში შენს სახეს ვხედავ, მეტ-ნაკლებად, რათქმა უნდა.  …………
 როგორ ველოდი ამ დღეს... ახლა კი… გხედავ ბევრად ლამაზს, ვედრე როდისმე  წარმოგიდგენდი. ფარული ღიმილით, მეტყველი, ბრძნული, სევდანარევი გამოხედვით. "გენაცვალოს დედიკო" ვიმეორებ გულში და რაღაც ძალა მაკავებს მოვიდე და გულში მაგრად ჩაგიკრა. ახლა, ალბათ, კიდევ უფრო პატარა გეჩვენება  შენი "დედიკონა" და ამასთან ძალზედ უმწეო......  რა ძალიან ახლოს ხარ და რა ძალიან შორს.....



14 აპრილი 2011წ.

  

No comments:

Post a Comment