მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Friday, September 2, 2011

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი მეზრდებოდა.

vishenka_34.giffriends.gif
ეზოს კარი  ხმაურით გააღო.   აქოშინებული   ოთახში შემოვარდა, ზურგჩანთა დივანზე მოისროლა და ტელეფონს ეცა. გაოცებული შევყურებ და კითხვას ვერ ვუბედავ. "გამარჯობათ   .....  ბიძია, მე მიშიკო დვალიშვილი ვარ, გიორგის კლასელი. იცით, ხათუნა მასწავლებელი თუ დაგირეკავთ და გეტყვით, რომ გიორგიმ  რაღაც დააშავა,არ დაიჯეროთ, გიორგის არაფერი დაუშავებია, ყველაფერი ჩემი ბრალია და გიორგი იქ საერთოდაც არ ყოფილა. ------დიახ, დიახ. ნახვამდის . "- დაასრულა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და

Thursday, August 18, 2011

კომენტარის კომენტარი


მე კი ვფიქრობ საცოდავი ჩვენი ქვეყანაა სწორედ იმიტომ, რომ შენნაირი მოაზროვნეები ჰყავს. იდიალებით ცხოვრება კარგია, მაგრამ სიმართლე სხვაა, ზოგჯერ დაუნდობელიც და როცა რამეს არ ეთანხმები შენი ვარაუდი ფაქტებით თუ არა სიტყვებით მაინც უნდა თქვა და არა "ცოდო ხარ". ეს კიდევ საკითხავია ცოდო ვინაა...

ჩემი 17 წლის მიშო თსუ-ს ფორუმზე დემეტრე მე-2 შესახებ თემაში წერდა:

"საქმე იქამდე ყავდა მიყვანილი, რომ ვიღაც თათრები იბარებდნენ და "ტუქსავდნენ".ამას დავითს ვერავინ გაუბედავბდა, ან თუ გაუბედავდა "კარგ ჩიტსაც დაიჭერდა" მაგარი სუსტი მეფე იყო და მაგიტომ არ მევასება,ისე შეიძლება ბუნებით გადასარევი პიროვნება იყო, მაგრამ მეფობისთვის ვერ ივარგა!!!!! რა გულუბრყვილოდ საუბრობ. ყოველივე ამის შემდეგ, მაინც ფიქრობ რომ ამ "სისხლისმღვრელ" ყაენს ორი ვარიანტი ჰქონდა: ან დემეტრე უნდა მოეკლა, ან ქვეყანა აეოხრებინა და მარტო დემეტრეთი "დაკმაყოფილდა". მასაც მოკლავდა და ქვეყანასაც ზედ მიაყოლებდა თუ მოუნდებოდა, მაგრამ არ ქნა, ესე იგი აქ არ იყო არჩევანი (სახელმწიფოსა და ხელმწიფეს შორის) ვისი მოკვლაც უნდოდა ის მოკლა და ამის სანაცვლოდ არანაირი "სიამოვნება"(ანუ ქვეყნის აოხრება) არ მოუკლია, შესაბამისად არც არავის გაუწირავს თავი. უბრალოდ რომანტიკოსი მემატიანეები გვყავდა ყოველთვის, თუმცა კარგია როდესაც ასეთ იდეალებზე იზრდები, მერე ეცდები მიბაძო, ოღონდ იმას არა ვინც სინამდვილეში იყო, არამედ იმას ვინც უსაზღვრო ფანტაზიის მქონე მემატიანემ გაგვაცნო. იმასაც რა ექნა ასე უფრო ლამაზად გამოიყურებოდა მეფის მკვლელობა და...
არაა საჭირო ფანატიზმი საქართველოსთვის!
არ გეწყინოს, კარგი ბავშვი ხარ ისე. (ფანატიზმზე, არ გეწყინოს მეთქი. ისე რა უნდა გწყენოდა..)....."

და კიდევ სხვა მსგავს, ქვეყნისთვის მტკივნეულ თემებე როცა თამამად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მსჯელობდა,საპასუხოდ ფაქტების ნაცვლად წერდნენ:

"იაღოველებს მეორედ კარი აღარ გაუღო" ან "შენა და აგნოსტიკოსი ხარ თუ დარვინისტი?"  და ა.შ.
მიშო კი პასუხობდა:

"რეალისტი ვარ და რასაც ლოგიკა ემხრობა, მეც იმას ვემხრობი.(მცირე გამონაკლისების გარდა!)....
"ასეთ რეაქციებზე ვგიჟდები და ვკვდები სიცილით. პასუხი რომ არ აქვთ და რაღაცეებს კითხულობენ მაგ: იეღოველი ხარ? - მაგრები ხართ რა.
P.S. თუ არ იცი რა უპასუხო საერთოდ ნუ გასცემ და მაგეთ იდიოტობებს ნუ იკითხავ. (რჩევა პროსტა, თორე შენ რაც გინდა ის ქენი. არ მკიდია?!..)
ახლა მეტყვით, ნუ განიკითხავ თუ არ გინდა შენ განგიკითხონ იმავე განკითხვითო. მაგრამ მე მაინც განვიკითხავ, მერე მეც განმიკითხონ და იქნებ ასე მაინც შემცირდეს უწესობა. ილიას უყვარდა თქმა თუ შენს ცუდზე არ მიგითითე მტერი ვყოფილვარ და არა მოყვარეო (შიძლება სხვა სიტყვებითაც ამბობდა. შეიძლება კი არა ამბობდა კიდეც)

Sunday, July 3, 2011

უცნობ მეგობარს...

                           
     
   „ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელებაი, მარხვაი, მოთმინებაი...     ( პავლე მოციქული ) 

Thursday, March 24, 2011

ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან


     ეს მიშოს გადაღებულია ტელეფონით.    ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან .


16..04..2009 წელი.


 მალე ოცი წლის ხდები დე.   გხედავ ულამზესს,  ახოვანს , ნაცნობი ფარული ღიმილით მიყურებ. ერთი სული მაქვს მოგიახლოვდე.   2 წელი გახდება მალე,  რაც  გულში არ ჩამიკრიხარ.  როგორ ველოდი ამ დღეს, რამდენჯერ წარმოგიდგენდი ხოლმე  ასეთს.  ყოველთვის მქონდა შენს მიმართ, მიუხედავად  დიდი სიახლოვისა, რაღაცნაირი მოკრძალება. ახლა კი,  ბევრად მორიდებული შემოგყურებ, "გენაცვალოს დედიკო", გულში  ჩუმად გეძახი და მოახლოვებას ვერ ვბედავ.   მახსოვს,  18 წლის რომ ხდებოდი

Friday, January 21, 2011

  
ჩემი გიჟუკელები, რომ არა მარიამის ძალით გადაღებული ეს როლიკები....  


ცეკვის  პაროდია.. გინახავთ  მსგავსი სადმე???ს.




 რა სიგიჟეებს არ აკეთებს, მარიმ გადაღება რომ შეწყვიტოს. 

Wednesday, January 5, 2011

რავი.......



 რატომ? ასე იწყება მიშოს ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც  მისი   არყოფნიდან 2 თვის შემდეგ ვნახე მის ტელეფონში. არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე ამ წერილით, მაგრამ ამ სიტყვას "რატომ?" დაუსრულებლად ვიმეორებდი იმ უბედური დღის შემდეგ და თითქოს საგანგებოდ ჩემთვის გამზადებული ამ წერილიდან მიშომ მითხრა, რომ- ნუ ეძებ პასუხს კითხვაზე რატომ? რადგან ყველაფრის პასუხი უფალშია.  მის გარეშე არ არსებობს არც ერთი ჩვენი ნაბიჯი და ის ტკივილი, რომელიც ესოდენ აუტანელია მოკვდავისთვის, ღვთისგანაა... ჩვენ კი, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს,  მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს, რომ ამ ტკივილისთვის გაგვიმეტა.... 
                                       
                                                                                 რავი... 
 ratom? am kiTxvaze pasuxi TiTqmis dabadebidanve mainteresebs. icis ki vinmem amomwuravi pasuxi, aramgonia. ratom? ai isev.

Sunday, December 5, 2010

ჩემთვის არაფერი შეცვლილა


გუშინ ტაძრიდან პირდაპირ მაგთის ოფისში გავედი. 3 დღეა შენი ტელეფონით ბლოგზე შესვლას ვერ ვახერხებ. ის დღე კი, აქ რომ ვერ გხედავ,  მძიმეა ჩემთვის.  მგონი ოპერატორი ქვია, ვისაც ტელეფონი მივაწოდე და ვუთხარი რა პრობლემაც ქონდა ტელეფონს. ბევრს ეცადა, თუმცა ვერაფერი გაუგო.  რადგან მიზეზს ვერ მიაგნო, ბოლოს სიმ ბარათის ბრალიაო მითხრა. იკითხა ვისზე იყო ტელეფონი გაფორმებული. ვუთხარი, რომ შენია. თვითონ მოვიდეს, პირადობა მოიტანოს და შევუცვლითო. აქ არ არის მეთქი ვუთხარი.    არ მითქვამს მიზეზი რატომ არ იყავი. შემომხედა. არ ვიცი რას მიხვდა, მაგრამ მითხრა -მოიტანეთ მისი და თქვენი პირადობის მოწმობა და  კიდევ    ........    ცნობა,

Friday, November 12, 2010

მე ხომ თითოეულ მათგანში მიშოს ვხედავ

                                                                                                   .................................  
რომ იცოდე როგორი ახლობლები და ძვირფასები არიან შენი მეგობრები ჩემთვის. არა, სევდა არ მეძალება მათ დანახვაზე, პირიქით მიხარია და განცადა მაქვს იმისა, რომ  შენც აქ ხარ, მათთან და გხედავ მათსავით გაზრდილს,  დავაჟკაცებულს. მუდამ უკმაყოფილო რომ იყავი შენი სიმაღლის...  ხშირ-ხშირად ამოწმებდი რამდენი სმ. მოიმატე. მე კი გეუბნები:  ბიჭები 18 წლის შემდეგ   უცებ იყრიან ტანს და აი, ნახავ რამხელა გახდები მეთქი. "შემდეგ" აღარ იყო...
რამდენიმე დღის წინ მიშიკო იყო, ჯანელიძე  ჩვენთან სახლში. მოდის ხოლმე , ხან გარეთ ნახულობს ნოდარის და სახლში არ შემოდის . ამჯერად   შემოვიდა.  ხომ არაფერი გჭირდებათო,   არ მოგერიდოთ ნოდარი ბიძია, თუ რამე შემიძლია დამავალეთო.    არა შვილო ,არაფერი არ გვჭირდებაო, ნოდარიმ.  
  გაზრდილა, დავაჟკაცებულა.  მაშინ არ ვუთხარი.არადა,  როგორ არ  მჭირდება, ძალიან  მჭირდება მათი სიყვარული, მათი უბრალოდ დანახვა,ხმის გაგონება, თუნდაც ერთხელ წელიწადში,რომ უფრო კარგად  შევიგრძნო  როგორი გახდა ჩემი მიშიკო. მე ხომ თითეულ მათგანში  მიშოს ვხედავ.    მათთან ერთად იზრდება {სამწუხაროდ მხოლოდ წარმოსახვაში}, ჩემი მარად 18 წლის შვილი.  მიყვარხართ

Thursday, November 4, 2010

Johnny Cash - 'Hurt"

უყვარდა ეს სიმღერა, თვითონაც ხშირად მღეროდა ხოლმე. ინგლისურად ბევრს ვერაფერს ვგებულობდი და მაინცდამაინც ვერც ვხვდებოდი რა მოსწონდა ამ სიმღერაში.და გიტარაზეც რომ უკრავდა მელოდიას, თურმე ამ სიმღერის ყოფილა.  ტელეფონში ჯონი ქეშის  ეს კლიპი და კიდევ მისი შესრულებით ბევრი სიმღერა ვნახე.  
ინტერნეტში  ამ სიმღერის ტექსტი მოვიძიე.აი ისიც..."Hurt"
(originally by Nine Inch Nails)

I hurt myself today 
To see if I still feel 
I focus on the pain 
The only thing that's real 
The needle tears a hole
The old familiar sting 
Try to kill it all away 
But I remember everything 

[Chorus:]
What have I become 
My sweetest friend 
Everyone I know goes away 
In the end 
And you could have it all 
My empire of dirt 
I will let you down 
I will make you hurt 

I wear this crown of thorns 
Upon my liar's chair 
Full of broken thoughts 
I cannot repair 
Beneath the stains of time 
The feelings disappear 
You are someone else 
I am still right here 

[Chorus:]
What have I become 
My sweetest friend 
Everyone I know goes away 
In the end 
And you could have it all 
My empire of dirt 
I will let you down 
I will make you hurt 

If I could start again 
A million miles away 
I would keep myself 
I would find a way 

Thursday, October 28, 2010

Led Zeppelin - Babe I'm Gonna Leave You lyrics



აი ესეც....

Led Zeppelin-Stairway to Heaven

პირველი ეს მუსიკა იყო, მიშომ გიტარაზე რომ ააწყო.   არ უყვარდა   მეცადინეობისას    ვინმე რომ უსმენდა. ძალიან ახლობლებმაც კი არ იცოდნენ მიშო რომ უკრავდა.იტყოდა ხოლმე- აი, მართლა კარგად რომ ვისწავლი დაკვრას,  ყველას სიურპრიზს მოვუწყობო. რამდენჯერმე მარიმ სცადა ჩაწერა ტელეფონით და არ დაანება, ლამის დაუმტვრია ტელეფონი. ერთი ჩანაწერი მაინც შემოგვრჩა, შეუმჩნევლად ჩართო მარიმ ტელეფონი და ჩაწერა, მაგრამ ეს  მაშინდელია, როცა  ჯერ კიდევ ვერ უკრავდა კარგად... ჩვენთვის ეს ჩანაწერი ყველაზე  ძვირფასი , საუკეთესო და მაგარია   მათ შორის, ვისაც კი  ოდესმე შეუსრულებია გიტარაზე ეს მელოდია...

Wednesday, October 27, 2010

Debussy - Van Cliburn - Clair de lune

 

 
   ხშირად, როცა კომპიუტერთან იჯდა, ეს მუსიკა ქონდა ჩართული. ნაცნობი მელოდია იყო, მაგრამ არ დავინტერესებულვარ კომპოზიტორით. რამდენჯერმე მობილურითაც შევნიშნე უსმენდა. ერთ დღეს კი( დაახლოებით 1თვით ადრე, ვიდრე დაგვტოვებდა) შემოდის ეზოში და ქსეროქსის ფურცლები უჭირავს. მეკითხება:-"დე, იცი რამე კლოდ დებიუსის შესახე? "-ვიცოდი, რომ იყო ფრანგი კომპოზიტორი და მეტი არაფერი. ასეც ვუთხარი.  მაჩვენებს ნოტებს-" იცი, რა ლამაზი ნაწარმოებია, ირმასთვის ამოვიღე ინტერნეტიდან ,როცა დრო ექნება მინდა, რომ  დაამუშაოს".   ვერ მოისმინა ირმას შესრულებული ეს ნაწარმოები წასვლამდე....  რამდენჯერმე გადმოიღო ნოტები ირმამ ,მაგრამ ვერ შეძლო. პირობას მაძლევს , 16 აპრილს, მიშოს დაბადები 20 წლისთავზე  გაუგზავნის ამ მელოდიას.....

Thursday, September 16, 2010

მე შემიძლია , მე მზად ვარ ამისთვის!

ბევრი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ როგორც კი ფურცელზე გადმოტანასთან მიდგება საქმე, ცოტა უფრო მიჭირს. ვფიქრობ ეს ჩემი უარყოფითი მხარეა,თუმცა გამოსწორებადი. ჩემი აზრით ბევრად უფრო პრაქტიკული ადამიანი ვარ. წერას და ლაპარაკს მირჩევნია  საქმის კეთება. როგორც იტყვიან, "ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი სჯობს." ვიმედოვნებ მომეცემა იმის საშუალება, რომ გაჩვენოთ.
   გულწრფელად ვწუხვარ , როცა, სამწუხაროდ ბევრისთვის,  სამშობლო სუფრასთან იწყება და მთავრდება. "რაც კარგები ვართ,ქართველები ვართ",იმეორებენ  ამაყად  და დარწმუნებული ვარ , მათ შორის  არცერთს  არ ესმის რას ნიშნავს, იყო ქართველი.   გიყვარდეს და აფასებდე  შენს კულტურას , ენას , ისტორიას ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთივე პატივისცემით მოეპყრა  სხვისას. ჩემი სამშობლო იტორიულად ამ ღირებულებების მატარებელია. ჩემი აზრით  ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სიდიდით ასე მცირე, სადაც ამდენი ეროვნების, აღმსარებლობისა და კულტურის ხალხები  საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და დღემდე არავის ახსოვდეს არცერთი ამ ნიშით ადამიანების შევიწროვება.  კარგია როცა ამაყობ შენი ქვეყნის წარსულით,მაგრამ როცა ხარ ასეთი ქვეყნის შვილი , მხოლოდ სიამაყე არ კმარა. იყო ქართველი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა იმ წარსულის წინაშე, რომლითაც ამაყობ.  "აწმყო,  შობილი წარსულისაგან , არის მშობელი მომავლისა".  დღეს  თითოეული ჩვენთაგანია პასუხისმგებელი  აწმყოზე, რომ მომავალმა თაობებმაც ასევე იამაყონ დღევანდელი საქართველოთი.    ოჯახს განსაკუთრებული როლი ენიჭება  ადამიანის,როგორც პიროვნების  ჩამოყალიბებაში.ჯანსაღი ოჯახი  არის გარანტი ჯანსაღი პიროვნებისა.ჩემი აზრით ოჯახი ეს პატარა სახელმწიფოა, თავისი ყველა ატრიბუტით და რაც უფრო თავისუფალია, რაც უფრო დემოკრატიულია, რაც უფრო  შრომისმოყვარე და  შემწყნარებელია, მით მეტია შანსი მასში ჯანსაღი   პიროვნების აღზრდის და ჩამოყალიბების ,ხოლო ჯანსაღი პიროვნება თავისთავად ჯანსაღი სახელმწიფოს გარანტია. საბოლოო ჯამში ეს ერთი რგოლია და რაც მყარი და ძლიერი იქნება ეს რგოლი,   მით უფრო გაუჭირდება  ავის მოსურნეს მისი ერთიანობის დარღვევა.      ჩემი აზრით, ადამიანი რამდენ პროგრამასა და პროექტშიც არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ,რამდენ საინტერესო ლექციასაც არ უნდა უსმენდეს, ვერაფრით შეძლებს მის გამოყენებას და განხორციელებას, თუ მასში შინაგანად არ არის ეს ჩდებული. ვგრძნობ ჩემში არის პოტენციური შესაძლებლობები და რამდენად ამბიციურიც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ეს სიტყვები: --მე შემიძლია, მე მზად ვარ ამისთვის...




მიხეილ დვალიშვილი.
 14 დეკემბერი. 2008 წელი

Sunday, September 12, 2010

ავტოპორტრეტი

                                                   ძვირფასო მომავალო მასპინძელო


მე ვღებულობ მონაწილეობას  "In the Global Undergraduate Exchange program" და ვფიქრობ ერთი წლის განმავლობაში მომიწევს თქვენთან ერთად ცხოვრება. მინდა ცოტა რამ გიამბოთ ჩემს შესახებ. მე მიხეილ დვალიშვილი ვარ ,18 წლის სტუდენტი საქართველოდან, ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში ჩემს ოჯახთან ერთად.  ჩემი ქალაქი  სიდიდით  მეორეა საქართველოში მისი დედაქალაქის  თბილისის შემდეგ. ეს ორი ქალაქი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და უნივერსიტეტში ჩემი ქალაქიდან დავდივარ, რის გამოც დილით ძალზედ ადრე მიწევს ადგომა, რაც ყოველთვის არ არის ადვილი.    მყავს  მშობლები და სამი და. დედაჩემი პროფესიით პედაგოგია ,თუმცა  არ მუშაობს, დიასახლისია. მამა 28 წლის განმავლობაში იყო შსს  თანამშრომელი,ახლა კი დამსახურებულ  პენსიაზე იმყოფება. ჩემი უფროსი და ირმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მე-4 კურსის სტუდენტია.   დარწმუნებული ვარ მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი იქნება,. რადგან უყვარს თავისი პროფესია და შრომობს წარმატების მისაღწევად. მე ვფიქრობ ეს ორი რამ აუცილებელია  მიზნის მისაღწევად. ჩემი დები   ზიკა და მარი,  ტყუპები არიან, თუმცა გარეგნულად საგრძნობლად განსხვავდებიან.  ზიკა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,ხოლო მარი დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტის სტუდენტები არიან. შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს სიამაყის საფუძველი ჩემი ოჯახის გამო.   ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი ოჯახით.    ვფიქრობ არც მე ვაკლებ  ოჯახს სიამაყის საფუძველს...   პირველივე  წელს ჩავირიცხე მაღალი ქულებით თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვთვლი ,რომ ვარ მიზანდასახული და ამასთან შრომისმოყვარე.  გვაქვს მცირე საოჯახო ბიზნესი, საამქრო,სადაც  ავტომობილების საბურავების შეკეთება ხდება. თავისუფალ დროს ვმუშაობ და საკმაოდ წარმატებულადაც, ვარ ხელმარჯვე,რადგან მყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც მხოლოდ ჩემს ცვლაში მოდიან.    დასახულ მიზანს  ყოველთვის ვაღწევ შრომით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩემი და გიტერის ურთიერთობა. არანაირი მუსიკალური განათლება არ მიმიღია,არც სმენით გამოვირჩევი. სახლში მამაჩემის   გიტარაზე  ვცდილობდი მელოდიის აწყობას და საბოლოოდ,  დიდი შრომის შემდეგ მივიღე შედეგი. ახლა შემიძლია ვთქვა , რომ არც თუ ისე ცუდად ვუკრავ თვითნასწავლის თაობაზე. ძალიან მიყვარს 70-იანი წლების და ცოტა გვიანდელი მუსიკა. ვფიქრობ ამ პერიოდში ნამდვილი შედევრები იქმნებოდა. საკმაოდ ვარ როკით გატაცებული და ამ მუსიკის დიდი კოლექციაც მაქვს. ჩემთვის როკი არა მარტო მუსიკაა. (შეიძლება ეს თქვენთვის  ცოტა უცნაურიც იყოს ) ეს იყო მუსიკა ,რომელმაც ბარიერები გაარღვია და ხალხს თავისუფლებისკენ უბიძგა, თუმცა  ჩემს  ქვეყანაში ეს  მუსიკოსები ანარქისტებად იყვნენ ცნობილნი, რადგან იმ პერიოდში საქართველო საბჭოთა ქვეყნის ნაწილი იყო და ამასთან, როგორც ბევრი სხვა დასავლური ღირებულება, ეს მუსიკაც იკრძალებოდა. ყველაფრის მიუხედავად მამაჩემმა შეძლო და დააგროვა ბევრი ფირფიტა, რომლითაც მე ვამაყობ..
  ასევე  ვამაყობ ჩემი სკოლით , რომელშიც 11 წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ეს არის პირველი დამოუკიდებელი სკოლა დამოუკიდებელ საქართველოში. ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში  დიდი წვლილი, სწორედ ამ სკოლის და მისი პედაგოგებისაა.მიმაჩნია რომ ამ სკოლამ შემძინა საკმაოდ  კარგი თვისებები. ის რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა,მოგზაურობა ეს უპირველესად ჩემი სკოლის დირექტორის  ვახო აბაიშვილის დამსახურებაა. მყავს უახლოესი მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს.
       დადგა დრო ჩემს უარყოფით მხარეებზე ვისაუბრო... ვერ ვიტან როცა ვინმე, თუნდაც მშობელი მესაუბრება დამრიგებლური და ჭკუის სასწავლებელი ტონით. ამ დროს ვხდები საშინლად გაუწონასწორებელი. ვარ  (როგორც მშობლები მეუბნებიან ) ზედმეტად ამბიციური.  და კიდევ, ეს მათ გასაგონად, ვისაც ოთახში ჩემთან ერთად მოუწევს ცხოვრება-მაქვს სუნის გამძაფრებული შეგრძნება, ადვილად შევიგრძნობ სვისთვის შეუგრძნობელ სუნს და ამის გამო  საშინლად მეცვლება ხასიათი.    დედაჩემს  ვთხოვ  ჩემი უარყოფითი მხარეები შემახსენოს.    ის კი დუმს, უჭირს გახსენება . ო, რა თვალთმაქცობაა.ამ სიტუაციას გამოვიყენებ ჩემს სასარგებლოდ და სხვა დროს, როცა დედაჩემი მისაყვედურებს  ჩემი საქციელის გამო,  ამას აუცილებლად გავახსენებ. საოცარია,ლამის დამაჯერონ, რომ  უნაკლო ვარ, მაგრამ არა, ვეცდები  მე მაინც არ დავინდო ჩემი თავი... ვარ სასტიკი ჯიუტი.მიჭირს ხოლმე დავთმო პოზიციები, მაშინაც კი , როცა მივხვდები, რომ არ ვარ მართალი.
 დანარჩენს, უფრო დაწვრილებით მომავალში გიამბობოთ, რა თქმა უნდა, თუ კი ამის საშუალება მომეცემა.


მიხეილ დვალიშვილი.
20 ნოემბერი. 2008 წელი

Friday, August 20, 2010


ბავშვობიდან მახსოვს მშობლების მონათხრობი, თუ რა წარმოდგენა  ჰქონდათ მათ თავიანთ ახალგაზრდობაში ამერიკის შესახებ .კარგად მოგეხსენებათ მე-20 საუკუნეში საქართველო იძულებით იყო ჩართული საბჭოთა ცხოვრებაში. იმ პერიოდში აქტიურად მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდა და მისი მეშვეობით ყველა  ამ ქვეყანაში მცხოვრებთ, მათ შორის ჩემს მშობლებსაც,( რაც  მაინც და მაინც არ მომწონს ), არასწორი შეხედულება ჰქონდათ ამერიკაზე და ზოგადად  დასავლეთზე. 

Saturday, August 14, 2010

ადამიანის მისია...

წუთისოფელი ადამიანის მიწიერი ცხოვრებაადროებითი საცხოვრისიაგზააა დამიანის მარადიულ სამყოფელამდერაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს ადამიანის ცხოვრება, იგი "ჩიტივით გაგვიფრინდება". ქრისტიანული თვალსაზრისით წუთისოფელი,  ადამიანის სამზადისია მარადისობაში დასამკვიდრებლად.   აგორებულ ქვას გავს წუთისოფელიიგი აგორებულ ქვასავით მძიმეა. მიგორავს ქვამაგრამ არ იცის გზად რა ელის, უფსკრულში ჩავარდნა თუ კარგ ადგილას შეჩერება. ასევეა ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრებაც. წუთისოფლად მოსულ ადამიანს ორი გზის გავლა უწევს: ამქვეყნიურისადაც ადამიანი თავად ირჩევს, თუ როგორ იცხოვროს და იმქვეყნიური, სადაც ადამიანი თავისი ამქვეყნიური ცხოვრების შედეგად წარსდგება.
ღმერთმა წუთისოფელი სიყვარულით, სიკეთით შექმნა და ამ ქვეყნად მოვლენილებმა ამ გზით უნდა ვიცხოვროთ. უმცა ყოველთვის არ დადის ადამიანი ამ გზით, ცოდვას ცოდვაზე ამატებს და სულ უფრო ბინდდება წუთისოფელი. "ბინდისფერია სოფელი".. სიკვდილი, ანუ გარდაცვალებაეს არის ადამიანის იმქვეყნად გადასვლა, სადაც იგი სამუდამო სასუფეველს იმკვიდრებს. სიკვდილი იმიტომ არსებობს, რომ მოჩვენებით სამყაროს , ადამიანის ცოდვებს და ბოროტებას მოუღოს ბოლო. წუთისოფლად იგი ტოვებს სხეულსხოლო ზეცაში მიდის სული.   რაც უფრო თავისუფალია სული ცოდვებისაგან, მით უფრო მსუბუქია იგი და ახლოა ღმერთთან. ყველამ უნდა იცოდეს წუთისოფლის არსი. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან გამომშვიდობება. ერთადერთი სწორი გზა არის სიყვარულის გზა, ღვთის გზაყველა სიკეთის საწყისის გზა, რათა ამ სიკეთემ გაგვინათოს ჩვენი მეორე გარდაუვალი გზა სამუდამო სასუფევლისკენ...

მიხეილ დვალიშვილი. მე7- კლასი.

2004 წელი.

რავი.......

 რატომ? ასე იწყება მიშოს ერთერთი ჩანაწერი, რომელიც  მისი   არყოფნიდან 2 თვის შემდეგ ვნახე მის ტელეფონში.არ ვიცი რამდენად სწორად გავიგე ამ წერილიდან, მაგრამ რატომ ?  ამ სიტყვებს დაუსრულებლად ვიმეორებდი იმ უბედური დღის შემდეგ და თითქოს საგანგებოდ ჩემთვის გამზადებული ამ წერილიდამ მიშომ მითხრა, რომ ნუ ეძებ პასუხს კითხვაზე რატომ?რადგან ყველაფრის პასუხი უფალშია.  მის გარეშე არ არსებობს არც ერთი ჩვენი ნაბიჯი და ის ტკივილი ,რომელიც ესოდენ აუტანელია მოკვდავისთვის, ღვთისგანაა...ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს,  მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს რომ ამ ტკივილისთვის გაგვიმეტა....  
                    
                        რავი...
 რატომ? ამ კითხვაზე პასუხი თითქმის დაბადებიდანვე მაინტერესებს. იცის კი ვინმემ ამომწურავი პასუხი, არამგონია. რატომ? აი ისევ. რატომ არავის შეუძლია თქვას, რატომ? ყველაფერი პირობითია, თვით უზუსტესი მეცნიერება მათემატიკაც. განა შეიძლება ასე ზუსტ მეცნიერებაში არსებობდეს ისეთი ბრმა მინდობა, როგორიცაა ციფრი 0,(9). რა არის ეს? ან თუნდაც წრფე? რატომ? ესე იგი 0,(9) შეძლება 1 იყოს, ან საერთოდაც არ არსებობდეს, ხოლო წრფე იყოს წრე, ან წერტილი. ესე იგი ან ყველაფერი, ან არაფერი. რატომ? ყოველ ნაბიჯზე მიჩნდება ეს კითხვა, თუმცა ამ ბოლო დროს თავს ვიკავებ ხოლმე ხმამაღლა წარმოთქმისგან. რატომ?- იმიტომ რომ ხალხი ვერ მიგებს რას ვეკითხები. ზოგჯერ შეიძლება კითხვის არსს ხვდებიან კიდეც, მაგრამ უბრალიდ იმიტომ, რომ პასუხი არ აქვთ, მოყვებიან თავის მართლებას და ბოლოს შეიძლება ინტრიგანი მიწოდონ (ჩაძიების გამო), არადა გულწრფელად მაინტერესებს რატომ? ერთხელ, უფრო სწორედ არაერთხელ , ისევ ჩვენი ზუსტი მეცნიერების (მათემატიკის) მასწავლებელი გამინაწყენდა ამ კითხვაზე , ინტრიგანიც მიწოდა (არადა არც მწყინს. მაინც რა არსება ვარ რა ?)  ვერ ამიხსნა რატომ უდრის კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატს. ასე მითხრა, წადი და პითაგორას კითხეო. ნამდვილად მაინტერესეებდა, არ მიყვარს, როდესაც რაღაცის უაზროდ დაზეპირებას მთხოვენ. მაინტერესებს რატომ? არადა ამ დროს ძალიან მარტივად მამახსოვრდება ყველაფერი, მაგრამ არსი მინდა ვიცოდე. იმ დღიდან გული ამიცრუვდა მათემატიკაზე, უფრო სწორედ პედაგოგებზე, რადგან მას მერე უამრავი პედაგოგი მყავდა და ყველას კომპიუტერივით დაზეპირაბული ჰქონდა ფორმულები. მანამდე მიყვარდა ეს საგანი. არა, ახლაც მიყვარს. რობოტი ადამიანი მძულს, ხო ასეა. რა არის არა ცხოვრება, დღევანდელი ბავშვები ჭკუას კარგავენ რობოტებზე. ამ სულელური მულტფიილმების გამო. კარგი იყო ჩემი ბავშვობის (ანუ დისნეის და ქართული) მულტფილმები, თუმცა მაინცდამაინც ჩემი ბავშვობის არ არიან. ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობა მათზე გაიზრდა. ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან. შორს წავედი..... უსასრულობასთან დავბრუნდეთ. აი იქ 0,999........ ხო. ამას სამყაროს ვამსგავსებ, ისიც ხომ უსასრულოა. ანუ არც იწყება და არც მთავრდება. კი მაგრამ, ასეთი რამ შეიძლება? მაშინ რა არის ეს? (ჩვენი ცხოვრება) არ დაწყებულა? და არ მთავრდება? ძნელი დასაჯერებელია. ვფიქრობ დაიწყო კიდეც და დასასრულიც მალე ექნება. ხოოო... სამყარო. ვფიქრობ უსასრულობა არ არსებობს, უფრო სწორედ ეს ყველაფერი ერთი მთლიანობაა და მათემატიკაშიც 0,9(9)=1 და მეტი არაფერი. მატემატიკოსის ნახვა მინდა, ოღონდ ნამდვილი მათემატიკოსის და არა ჩემი მასწავლებლების მსგავსი აპარატის. არ ვიცი პასუხი კითხვაზე რატომ? მაგრამ მჯერა შევძლებ ჩემი თეორიის მათემატიკოსისთვის ახსნას და დამტკიცებას. კომპიუტერს დავცინი და ამ დროს მის ჭეშმარიტებასთან მივედი, ან 0 ან 1. თუმცა არც მასეა საქმე, მე ვამბობ 1-ს. და ეს ერთი მთლიანობა რაღაა? ოო, როგორ გითხრა, შეიძლება ერთი სიტყვითაც ავხსნა - ღმერთი.  ოღონდ ცოტა სხვა კუთხით, არა ზუსტად ისე, როგორც ეკლესია ქადაგებს. (თუმცა ესეც საჭიროა მასის სამართავად). მე ჭეშმარიტებას ვგულისხმობ: სიყვარულს, სიკეთეს. ჭეშმარიტება, განა რა არის ეს? თუ ადამიანის მხრიდან მივუდგებით, გამოვა რომ ჭეშმარიტება არ არსებობს. ან უამრავია, რაც თავად ჭეშმარიტების არსს ეწინააღმდეგება. თუმცა ისევდაისევ მტკიცდება ჩემი თეორია 0.9(9)=1. იქნებ ჭეშმარიტება ისაა, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს. არა, ამის შემდეგ მიჩნდება ის ძველი კითხვა, ოღონდ მას მოყვება სიტყვა "ვცხოვრობთ". ან ჯობია ეს კითხვა ასე ჩამოვაყალიბოთ - რისთვის ვცხოვრობთ? ან, თუნდაც მიზნის შემთხვევაშიც, რატომ? მე ამაზე ჩემი პასუხი მაქვს -...... და აქვე კითხვა - რისთვის და რატომ ვკვდებით? (აქ რატომში ბიოლოგიური პასუხი არ მაინტერესებს) სულის უკვდაობის შემთხვევაში ისიც უსასრულო გამოდის, ანუ, ან საერთოდ არ არსებობს უკვდავება, ან ერთია. ესეიგი კაცობრიობა ერთია. და არა მილიარდობით. ერთი ღმერთია. ეშმაკიც ღმერთია, მაგრამ არასატანისტური გაგებით. უბრალოდ თუ სული უკვდავია, და ეშმაკი არ არის ხორციელი, ესე იგი ისიც უკვდავია და ისიც იმ ერთის ნაწილია. კი ასეა, რადგან ბოროტება სიკეთის ნაწილია და პირიქით, ერთად კი ადამიანი. ადამიანშია ეშმაკიც და ღმერთიც. ეს უსასრულო, ანუ ერთი ადამიანია, რომელიც შემოქმედია, მაგრამ არც იმდენად, რომ სამყაროს შექმნა შეეძლოს, ესე იგი სამყარო ღმერთმა შექმნა. და თუ ღმერთი ადამიანშია ?........ ასტროლოგების აზრით კოსმიური წესრიგი არსებიბს, არადა ყველაფერი ქაოსია. ეჰ...... აი ისევ ის კითხვა, რატომ? უფრო გავრცობილი....... შეიძლება ცოტა დაიბენი კიითხვისას, მაგრამ არაუშავს. ერთი იმიტომ, რომ არჩევანი შენი იყო წაგეკითხა თუ არა, მეორე იმიტომ, რომ ამ თემებზე შენ არ გიფიქრია (ჯობია იფიქრო. თუმცა არა ნუ იფიქრებ, დამიჯერე დიდი ტანჯვაა და მირჩევნია არ მებადებოდეს ეს კითხვა, თავს მშვიდად მაინც ვიგრძნობდი) და ბოლოს ისევ ის კითხვა- რატომ? რატომ ძვრები სხვის ჩანაწერებში? და რატომ კითხულობ სხვის ფიქრებს? აი უცებ სამი -რატომ? ამაზე მაინც იფიქრე, ეგეც ჩემი საზრუნავი რომ არ გახდეს. 

მიხეილ დვალიშვილი